Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იულია ნავალნაია "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა


იულია ნავალნაიას გარდაცვლილი მეუღლის ნაცვლად გადასცეს დრეზდენის მშვიდობის პრემია.
იულია ნავალნაიას გარდაცვლილი მეუღლის ნაცვლად გადასცეს დრეზდენის მშვიდობის პრემია.

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა „როსფინმპნიტორინგმა“ ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა. შესაბამისი ჩანაწერი უწყების მიერ შედგენილ სიაში ხუთშაბათს გამოჩნდა.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ბანკები ამ სიაში შესული პირების თანხებს ყინავენ და მომსახურებას აჩერებენ.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის საქმეზე დაუსწრებლად ორი თვის ვადით მიუსაჯა პატიმრობა იულია ნავალნაიას, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. მასზე გამოცხადდა ძებნა. ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ქვრივს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ 2024 წლის თებერვალში გამოაცხადა ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ იამალის სასჯელაღსრულების კოლონიაში, მისმა მეუღლემ იულიამ განაცხადა, რომ გააგრძელებს ქმრის საქმეს. ოპოზიციონერის თანამოაზრეები და მისი ქვრივი თვლიან, რომ ის მოკლეს.

ახლა იულია ნავალნაია ხელმძღვანელობს საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც ნავალნის თანამებრძოლებმა დააარსეს საზღვარგარეთ. ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდი და მისი საარჩევნო შტაბი რუსეთში ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების რეესტრშია შეტანილი და მათი სიმბოლიკის დემონსტრირება აკრძალულია.


2024 წლის ივლისის დამდეგს ცნობილი გახდა, რომ იულია ნავალნაია სათავეში ჩაუდგა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Foundation-ს (HRF). ამ თანამდებობაზე მან შეცვალა უცხოეთში მცხოვრები კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, გარი კასპაროვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG