Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მას არ ამძიმებდა რაღაცები, ამიტომაც ჰქონდა ღვთაებრივი ბგერა“ - უბრალო გენიოსი ლიანა ისაკაძე


ლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე

5 ივლისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. სამი წლის ვუნდერკინდი ჯერ ფორტეპიანოზე უკრავდა, მერე ვიოლინოზე. იმდენად ნიჭიერი იყო, მოსკოვის კონსერვატორიაში იძულებულები გახდნენ უგამოცდოდ მიეღოთ. გამოცდებს ვერ ჩააბარებდა, რუსული არ იცოდა.

მხიარული, სიცოცხლით სავსე გოგო იყო. სიხარულისაგან სულ დახტოდა. ამის გამო მოფერებით პინგვინსაც კი ეძახდნენ. თავადაც შეუყვარდა ეს ცხოველი, პინგვინი სიხარულის სიმბოლოაო, ამბობდა.

პატარა საქართველოდან მსოფლიო სახელს თუ ვინმე მოიპოვებს, განსაკუთრებით გვიხარია, ლიანა ისაკაძე ასეთი ადამიანი იყო - მსოფლიო დონის ვირტუოზი, განსაკუთრებული არტისტიზმითა და მუსიკალურობით.

თუმცა, წარმატებას ვერ შეეჩვია, დარბაზში ტაშს რომ დასცხებდნენ, ტირილს იწყებდა.

ის დაიბადა მუსიკისა და პოეზიისათვის, - ასე თქვა ლიანაზე ცნობილმა მევიოლინემ და ლიანას პედაგოგმა დავიდ ოისტრახმა.

1965 წელს მოიპოვა პირველი გამარჯვება ჟაკ ტიბოს (პარიზი) საერთაშორისო კონკურსზე. შემდეგ იან სიბელიუსის (ჰელსინკი), პიოტრ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსების ლაურეატი გახდა.

მისი რეპერტუარი უსაზღვრო და სტილისტურად მრავლისმომცველი იყო, ბაროკოდან დაწყებული თანამედროვე მუსიკი დამთავრებული, განსაკუთრებით ქართულ მუსიკას უწევდა პოპულარიზაციას, - ამბობს მუსიკისმცოდნე მარინა ქავთარაძე, - ეს იყო ადამიანი - დღესასწაული, რომელშიც ნიჭი, ენერგია და ტემპერამენტი სჩქეფდა. ლიდერის გამოკვეთილმა თვისებებმა მიიყვანა დირიჟორობამდე. თუმცა ეს არ არის გასაკვირი, მე-20 საუკუნის მუსიკალურმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ გამოჩენილი ინსტრუმენტალისტები ხშირად არ სჯერდებოდნენ სოლო შემსრულებლობას და ორკესტრის ხელმძღვანელები ხდებოდნენ, მაგალითად, სპივაკოვი, ბაშმეტი“.

თუმცა, თავად ლიანა ისაკაძე რადიო თავისუფლებასთან სიცილით იხსენებდა, როგორ ძალით დააწყებინეს დირიჟორობა. 80-იანი წლები იყო, მოსკოვში კამერული ორკესტრის შექმნა შესთავაზეს, ამავე დროს, ქართველებმაც სთხოვეს, საქართველოს კამერული ორკესტრისთვის ეხელმძღვანელა.

„პატრიოტიზმმა ითამაშა დიდი როლი და ქართველებს მივეცი თანხმობა, - იხსენებდა ლიანა ისაკაძე, - ოღონდაც თავიდანვე გავაფრთხილე ორკესტრი, ჩემს დღეში არ მიდირიჟორია და ვერ ვიდირიჟორებ-მეთქი. რომ არ შევრცხვენილიყავი, სპეციალური, დიდი წიგნი წავიკითხე დირიჟორობაზე, რომ მცოდნოდა, ხელი საით გაწიო, იქით, აქეთ... როგორც კი პირველი რეპეტიცია ჩატარდა, მთელი ორკესტრი გაგიჟდა, დაბადებული ხართ დირიჟორადო“.

პატრიოტიზმი მის მუსიკაშიც ჩანდა და ცხოვრებაშიც. 1990 წელს გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც დღეს „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით გამოდის. 1992 წელს ინგოლშტადტში მუსიკალური აკადემიაც დააარსა.

ჩემზეც დაწერეს ცუდი რაღაცეები გაზეთში, მაგრამ მთელმა საქართველომ დამიცვა. არასდროს დამავიწყდება, როგორ დამიცვა მთელმა საქართველომ“, - იხსენებდა ლიანა ისაკაძე.

მუსიკისმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე ამბობს, რომ ლიანა ისაკაძეს ბევრმა ქართველმა კომპოზიტორმა მიუძღვნა თავისი სავიოლინო კონცერტები და ამით ძალიან გაამდიდრა ქართული მუსიკა.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო, მისი ქართული სულისკვეთება, ქართული მუსიკის ბრწყინვალე შემსრულებელი იყო“, - ამბობს რუსუდან ქუთათელაძე.

დირიჟორსა და კომპოზიტორს ვახტანგ მაჭავარიანს ლიანა ისაკაძესთან 55-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

„ძალიან ბევრი მუსიკოსი შესანიშნავად უკრავს, მაგრამ მათ შესრულებას ზებუნებრიობა, ღვთაებრიობა აკლია. ლიანა ამით იყო განსაკუთრებული. ლიანას აფეთქება, ვარსკვლავური კაშკაში შეერთებული გემოვნებასთან, პროფესიონალიზმთან... ასეთი ტანდემი ძალიან იშვიათია“, - ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი და ახალი წლის იმ ღამეებს იხსენებს, რომლებსაც ლიანა ისაკაძის სახლში ხვდებოდა. თორმეტს ათი წუთი დააკლდებოდა თუ არა, ლიანას ვიოლინო გამოჰქონდა. უნდოდა, დაკვრა დაბედებოდა, - „იმ თაობის მუსიკოსებისგან განსხვავებით, ლიანა არასდროს აგროვებდა ქონებას. სრულიად თავისუფალი იყო ამ ვნებებისგან. მას არ ამძიმებდა რაღაცები, ამიტომაც ჰქონდა ღვთაებრივი ბგერა. ძალიან უბრალო ადამიანი იყო, ლაღი და გულუხვი. მან დააფუძნა "მუსიკოსები იცინიან", ამავდროულად, მასავით ვერავინ უკრავდა ბეთჰოვენს, ბრამსს...“

ლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე

საბჭოთა პერიოდში ხელოვანებს გასტროლებზე შერჩევითად უშვებდნენ, ეშინოდათ, საზღვარგარეთ არ დარჩენილიყვნენ. ხშირად უმალავდნენ კიდეც, რომ კონცერტებზე იყვნენ მიწვეულები. ამას ვერც ლიანა ისაკაძემ აარიდა თავი. ძალიან ბევრგან ვერ წავიდა.

„2013 წელს უკვე ავად იყო, მაგრამ ისე დაუკრა კონცერტზე, ერთი ნოტიც არ შეშლია. თამაზი, მისი მეუღლე, მირეკავდა, ჩაიწერე, რომელი წამალი როდის უნდა დალიოს და გაახსენეო“, - ჰყვება ვახტანგ მაჭავარიანი.

თავისი პროფესიის გამო, ლიანა ისაკაძეს რამდენიმე ქვეყანაში მოუხდა ცხოვრება, საქართველოდან რუსეთში, მერე გერმანიასა და საფრანგეთში.

2017 წელს 26 აგვისტოს ბათუმში კონცერტი ტარდებოდა. მოულოდნელად ლიანას მეუღლე თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. გულის შეტევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

ამის შემდეგ ლიანა ისაკაძე თბილისში ცხოვრობდა.

„ჩავედი ერთხელ, ჯერ იტირა, მერე წამოიღო ვიოლინო და ოცი წუთი დიდუბის პანთეონში თამაზისთვის უკრავდა“, - იხსენებს ვახტანგ მაჭავარიანი.

„თბილისში რომ ვცხოვრობ, ის სახლი ყველაზე ლამაზია და ყველაზე კარგ ადგილასაა. ხელის გულზე ჩანს მთელი თბილისი. ჩვენს უკან არის ის კედელი, თამარ მეფე რომ გამოდიოდა ხოლმე 14 წლის და მტრის ჯარს არ უშვებდა. რაც მთავარია, მარჯვნივ არის გორაკი, რომელზეც პატარა ეკლესია დგას, ჩემს მერცხალს ვეძახი. რამდენი გამოვდივარ ტერასაზე, იმ პატარა ეკლესიაზე ვიწერ ჯვარს“, - თქვა ლიანა ისაკაძემ 2016 წელს რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG