Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დაჭრილი ყაზახი ჟურნალისტის ცოლი აცხადებს, რომ პოლიციამ თავდამსხმელები იპოვა


ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს, აიდოს სადიყოვ კიევში, ავტომანქანაში, ესროლეს.
ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს, აიდოს სადიყოვ კიევში, ავტომანქანაში, ესროლეს.

კიევის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში რჩება ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აიდოს სადიყოვი. ის უკრაინის დედაქალაქში 18 ივნისს დაჭრეს.

ჟურნალისტის ცოლმა, პუბლიცისტმა ნატალია სადიყოვამ დღეს, 21 ივნისს, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ უკრაინის პოლიციამ იპოვა თავდამსხმელები, ყაზახეთის მოქალაქეები მეირამ კარატაევი და ალტაი ჟაყანბაევი. ნატალია სადიყოვას თანახმად, ეს პირები მკვლელობის დაკვეთის შესასრულებლად კიევში 2 ივნისს ჩავიდნენ, ბინები დაიქირავეს და აიდოსს უთვალთვალებდნენ.

ჟურნალისტის ცოლი წერს, რომ კარატაევი ყაზახეთის კოსტანაის ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელია. ნატალია სადიყოვას განცხადებით, არ შემცდარა, როცა თავდასხმაში ყაზახეთის პრეზიდენტი ტოყაევი დაადანაშაულა და დარწმუნებული იყო, რომ აიდოსს პროფესიონალმა ესროლა.

კიევის პოლიციას ყაზახ ჟურნალისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების გამოვლენის და დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

აიდოს სადიყოვზე თავდასხმა 18 ივნისს, დღისით მოხდა კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე სახლის მახლობლად, სადაც ცოლთან ერთად ცხოვრობს. უცნობმა პირმა ავტომანქანაში მყოფ ჟურნალისტს ესროლა. მძიმედ დაჭრილი აიდოს სადიყოვი კლინიკაში გადაიყვანეს. ნატალია სადიყოვამ იმავე დღეს განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირი აქვს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს. ყაზახეთის ხელისუფლებამ ამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

აიდოს და ნატალია სადიყოვები კიევში 2014 წლიდან ცხოვრობენ. მათ ყაზახეთი დატოვეს სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 2023 წელს ყაზახეთის ხელისუფლებამ სადიყოვები ძებნილად გამოაცხადა სოციალური, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივების ბრალდებით.

აიდოს და ანატალია სადიყოვებს უკრაინაში ლტოლვილის სტატუსი აქვთ. ცოლ-ქმარმა შექმნა იუთუბ-არხი, რომლის მეშვეობით ყაზახეთის ხელისუფლებას და ოლიგარქებს აკრიტიკებენ. არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG