მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ბერლინში, სასტუმრო "ადლონში" 21 ივნისს უნდა გაიმართოს. როგორც მომღერალი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები.
"გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო - ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.
იმის გასარკვევად, ვისით ჩანაცვლდება მომღერალი ბერლინში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მასთან გვქონდა ასევე კითხვა იმაზე, რომელ უწყებას ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება სალომე კორკოტაშვილთან და მისი ბენდის წევრებთან. პრესსამსახურს ჩვენს კითხვებზე არ უპასუხია. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
საელჩოს სახელით დაგზავნილ მოსაწვევ ბარათზე, რომელიც გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ღონისძიებაზე 21 ივნისს, 15:30 საათზე ეპატიჟება, აღნიშნულია, რომ ამ წვეულებას დაესწრება ირაკლი კობახიძე. ინფორმაცია მუსიკალურ გაფორმებაზე მოსაწვევზე არ არის.
ფორუმი