Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჭარაშვილის მოთხოვნით, „TV პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა


გურამ მაჭარაშვილი, პარტია „ხალხის ძალა“, საპარლამენტო უმრავლესობა
გურამ მაჭარაშვილი, პარტია „ხალხის ძალა“, საპარლამენტო უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, „TV პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. მაკა ჩიხლაძეს შეზღუდვა ერთი თვით, 23 მაისიდან 23 ივნისამდე დაუწესდა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტი ტელეარხმა გაავრცელა.

მაკა ჩიხლაძე გადაცემა „მელაძის შაბათის“ პროდიუსერია და სიუჟეტებს ამზადებს ამავე გადაცემისთვის.

„მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“, - წერია პარლამენტის აპარატის უფროსის, ქეთევან კვინიკაძის სახელით გაგზავნილ წერილში.

სიუჟეტი, რომელზე მუშაობისას ჩაწერილი ინტერვიუს გამოც ერთი თვით უკრძალავენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს პარლამენტში მუშაობას, შეეხებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.

ჟურნალისტმა პოლიტიკოსისგან ინტერვიუს ჩაწერამდე ითხოვა ნებართვა, რასაც გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დათანხმდა. დამაზუსტებელი კითხვების დასმის შემდეგ კი მან აღარ ისურვა ინტერვიუს გაგრძელება.

დღესვე, 5 ივნისს, გახდა ცნობილი, რომ „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის მოთხოვნით, „მელაძის შაბათის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას შეეზღუდა პარლამენტში მუშაობა.

არხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულ „რეპრესიულ წესებს, დეპუტატები ბოროტად იყენებენ, რამაც საშიში პრეცედენტები შექმნა“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოთხოვნით, ოთხ ჟურნალისტს შეუჩერეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა. ყველა პოლიტიკოსი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალისტები არ წყვეტენ ვიდეოგადაღებასა და მათთვის კითხვების დასმას.

პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი გასული წლის 1 მარტიდან მოქმედებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოთხოვნით, არაერთ ჟურნალისტს შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა.

წელს, „აგენტების კანონის“ განხილვის დროს, პარლამენტის თავმჯდომარის იმავე გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში სრულად შეზღუდეს ჟურნალისტების მუშაობა - გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ ტელეჟურნალისტებისთვის. შეზღუდვები გაავრცელეს რადიო თავისუფლებაზეც.

ამ წესების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარზე, ჟურნალისტი კი კითხვის დასმას მაინც განაგრძობს, მას შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შეზღუდვა დაუწესდეს.

პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების დარღვევისთვის სანქციებია გათვალისწინებული - აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება პარლამენტში დაუშვებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG