როგორც რადიო თავისუფლებას პარლამენტში განუმარტეს, ნინო წილოსანმა გადაიღო ვიდეო, რომელშიც ასახულია, მისი უარის მიუხედავად, როგორ განაგრძობს ჟურნალისტი მისთვის კითხვის დასმას. ეს ვიდეოანაწერი დეპუტატმა ჟურნალისტისთვის პარლამენტში მუშაობის აკრძალვის მიზნით, შესაბამის დეპარტამენტს გადაუგზავნა რეაგირებისთვის.
წესები, რომელთა დარღვევასაც ჟურნალისტს ედავებიან, ნინო წილოსანის თანაგუნდელმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეიმუშავა.
„ფორმულის“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“.
ნინო წილოსანის მოთხოვნით, გუშინ, 3 ივნისს, მუშაობა აუკრძალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესაც. ეს ჟურნალისტი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს პარლამენტში შესვლას.
ჟურნალისტი „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის გამო აშშ-დან მოსალოდნელი სანქციის შესახებ ამზადებდა მასალას. პოლიტიკოსმა ჟურნალისტს კომენტარზე უარი უთხრა. კითხვის ხელმეორედ დასმის შემდეგ კი აღნიშნა: „მე გავაკეთებ განაცხადს, რომ თქვენ დაგასანქცირონ“.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი გასული წლის 1 მარტიდან მოქმედებს.
ამ წესების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე, ჟურნალისტი კი კითხვის დასმას აგრძელებს, ამის გამო შესაძლოა მას პარლამენტში მუშაობის შეზღუდვა დაუწესდეს.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტებზე სანქციებია გათვალისწინებული - აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება დაუშვებელია.
ფორუმი