Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარის მოთხოვნით, „TV პირველის“ ჟურნალისტს პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აუკრძალეს


„TV პირველის“ ჟურნალისტი ნატა ქაჯაია
„TV პირველის“ ჟურნალისტი ნატა ქაჯაია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მოთხოვნით, პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს „TV პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას.

„რეპრესიული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია, აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში, ჟურნალისტი ჩავანაცვლოთ. ჩვენი გადაცემიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მუშაობას ვეღარ შევძლებთ“, - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე ტელეარხის გენერალურმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ. ის აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულ „რეპრესიულ წესებს, დეპუტატები ბოროტად იყენებენ, რამაც საშიში პრეცედენტები შექმნა“.

მელაძემ გამოაქვეყნა პარლამენტის აპარატის უფროსის, ქეთევან კვინიკაძის წერილი, რომლითაც მან ჟურნალისტს გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

პარლამენტის აპარატის უფროსის წერილი
პარლამენტის აპარატის უფროსის წერილი

განახლება

5 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია „TV პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს შეუზღუდეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის მოთხოვნით კი მიმდინარე კვირის განმავლობაში, ორ ჟურნალისტს შეუჩერეს პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია.

პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი გასული წლის 1 მარტიდან მოქმედებს.

ამ წესების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარზე, ჟურნალისტი კი კითხვის დასმას მაინც განაგრძობს, ამისთვის მას შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შეზღუდვა დაუწესდეს.

პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების დარღვევისთვის სანქციებია გათვალისწინებული - აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება პარლამენტში დაუშვებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG