Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი "ფაქტჩეკერების" შევიწროების გამო საერთაშორისო ქსელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს


 „მედიის განვითარების ფონდის" ოფისთან დაუდგენელი პირები შეურაცხმყოფელ წარწერებს ტოვებენ.1 ივნისი
„მედიის განვითარების ფონდის" ოფისთან დაუდგენელი პირები შეურაცხმყოფელ წარწერებს ტოვებენ.1 ივნისი

"ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა" (EFCSN) და "ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა" (IFCN) ქართველი "ფაქტჩეკერების" შევიწროების გამო ღია წერილით მიმართეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში მომუშავე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გახდნენ თავდასხმების სამიზნეები. 

„ამ საშინელ კამპანიას ხელს უწყობენ საქართველოს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენს კოლეგებს „უსამშობლო აგენტებად და ნეოფაშისტებად მოიხსენიებენ, რომლებსაც პასუხი გაეცათ.“ ეს იმ ფონზე, როდესაც ისინი აქვეყნებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სიას, რაც მხოლოდ მათ მიმართ შეტევების მეტად წახალისების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა იუროვასთვის გაგზავნილ წერილში.

მასში ასევე წერია, რომ ეს კამპანია უკავშირდება ქვეყანაში „აგენტების კანონის“ მიღების პროცესს.

„ქ-ნო ფონ დერ ლაიენ, ბ-ნო ბორელ და ქ-ნო იუროვა, გთხოვთ განუცხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ მოცემული შევიწროების კამპანია მიუღებელია და რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სოლიდარულები არიან ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ. გთხოვთ გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა უზრუნველყოთ აღნიშნული თავდასხმების შეჩერება“, - წერია საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში.

საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა ხალხმრავალი პროტესტისა და ქვეყნის პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „აგენტების კანონზე“ 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო. რამდენიმე დღეში კი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ოფისებთან, რომელთაც ეს კანონის შეეხება, დაუდგენელმა პირებმა ისევ დატოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG