Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე და ბოჭორიშვილი ღალატს უწოდებენ კონგრესში ქართველი მომხსენებლების გამოსვლას


მარცხნივ: ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი, მარჯვნივ: ივანე ჩხიკვაძე და ნატალია საბანაძე
მარცხნივ: ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი, მარჯვნივ: ივანე ჩხიკვაძე და ნატალია საბანაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ღალატს უწოდებენ „აგენტების კანონის“ შესახებ ქართველი მომხსენებლების გამოსვლას აშშ-ის კონგრესში.

აშშ-ის კონგრესში გუშინ, 4 ივნისს, MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ჰელსინკის კომისიის“ ფარგლებში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი.

„გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას. რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი „ჰელსინკის კომისიას“ მადლობას უხდის „ლუსტრაციის ასეთი ღია გაკვეთილისთვის“. მისი შეფასებით, ქართველმა მომხსენებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დააბრალეს ქვეყნის ევროინტეგრაციის საზიანო ნაბიჯების გადადგმა.

„კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ“, - დაწერა მაკა ბოჭორიშვილმა Facebook-ში.

საქართველოს შესახებ საუბარი „ჰელსინკის კომისიის“ სხდომაზე ივანე ჩხიკვაძემ დაიწყო. ის აღნიშნავდა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია - ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა ქუჩაში აფიქსირებენ. ეს ხმა „ისმის აქ, ვაშინგტონში, და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში“, მაგრამ ის არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის“.

ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ „აგენტების კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და გაანადგურებს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას“, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში აშენებდა მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის გულუხვი მხარდაჭერით.

ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა ნატალია საბანაძემ თქვა, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს და აგენტებად შერაცხავს კრიტიკულ ხმებს.

„ქართველებმა ეს ბრძოლა თავად უნდა იბრძოლონ. ამას ვაკეთებთ კიდეც. მაგრამ გვჭირდება მეგობრები. მათ, ვინც ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას უგულებელყოფს და უარს გვეტყვის მომავალზე, რომელიც ჩვენი შვილებისათვის გვსურს, შედეგები უნდა მოიმკონ“, - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG