Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს


საილუსტრაციო ფოტო: ევროკავშირის დროშა
საილუსტრაციო ფოტო: ევროკავშირის დროშა

ბრიუსელში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ხელმძღვანელობს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ საქართველოში "აგენტების კანონის" გამო შექმნილ წინააღმდეგობრივ ვითარებასაც.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟოზეპ ბორელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, “ეს იქნება პირველი მომენტი, როცა მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას“.

„გასაგებია, რომ [საქართველოს] მთავრობა სცდება ევროპულ გზას და მინისტრებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რა შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დააზუსტა, რომ განხილვის პირველი საკითხი საქართველო იქნება.

ბერბოკმა ისაუბრა “აგენტების კანონზე“ და თქვა, რომ მისთვის “ნამდვილად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს თავისი ხალხის ამ დიდ ოცნებას, უპირველეს ყოვლისა თავისი ახალგაზრდების, ჰქონდეთ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა”. მან გაიმეორა, რომ კანონი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამგვარი ქცევით საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამავდროულად “ის გამოდის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაც”. მისი სიტყვებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისია არა მხოლოდ მოქალაქეების სურვილი, არამედ ხელისუფლების ნებაც.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედოვნებს “ევროკავშირი ნათელ სიგნალს მიაწვდის იმაზე, რომ თუ კანონი მიიღება მისი საბოლოო ფორმით, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირისკენ თავის გზას“.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს კანდიდატის სტატუსის შეჩერებას, ლანდსბერგისმა უპასუხა: „კანდიდატის სტატუსი გაიცა დათქმებით, დათქმები კი არ სრულდება, გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არსებობს.“

დამაზუსტებელ კითხვაზე, იგულისხმება თუ არა პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილება, ლანდსბერგისმა უპასუხა:

„პოლიტიკური მაქვს მხედველობაში, დიახ, რადგან ეს ჯერ ისევ პოლიტიკური კონცეფციაა, ხომ? ასე რომ, ის შეიძლება შეჩერდეს.“

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ შედარებით რბილი კომენტარით უპასუხა მედიას და თქვა, რომ საქართველოს „პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ამიტომ ეს საქართველოს, სუვერენული ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა უყოს მას. მაგრამ კიდევ ერთხელ, საქართველოს პროევროპული წარსული და მომავალი ახლა არ ვიტყოდი რომ სერიოზული საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშეა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

დღეს, 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.

კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.

პარლამენტი, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სესიაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG