უმრავლესობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან, გიორგი მსხილაძისგან, რომელმაც ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას ითხოვდნენ, რაზეც მან უარი თქვა.
პარლამენტი ვეტოს დაძლევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას ხვალ, 28 მაისს, აპირებს.
14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.
ფორუმი