Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, რუსეთს დასავლური იარაღით დაარტყას - სტოლტენბერგი


"უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ეს კი რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ იერიშებს მოიცავს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ეს კი რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ იერიშებს მოიცავს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის კიევისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა უნდა მოხსნან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

"დადგა დრო, მოკავშირეებმა იფიქრონ იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რომელიც მათ დააწესეს უკრაინისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ხარკოვის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ამ იარაღის გამოყენების აკრძალვა ძალიან ართულებს რუსეთისგან დაცვას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სტოლტენბერგმა "კარგად უწყის იმ ასიმეტრიული უპირატესობის შესახებ", რომელსაც აშშ-ს პოზიციის გამო, რუსეთი იღებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ნატოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსები გააგრძელებენ შეტევას და დანაკარგების მიუხედავად, შეძლებენ გარკვეული ტერიტორიული წარმატების მიღწევას უკრაინის მოსაზღვრე ზონაში.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ეს კი რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს მოიცავს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადების ფონია რუსეთის არმიის ბოლოდროინდელი იერიშები ხარკოვისა და ქალაქ ჩასივ-იარის მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგემ რამდენიმე ათეული სოფლისა და დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიდი ხანია ითხოვს მის ხელთ არსებული ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებას რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, ვაშინგტინის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამასთან, თეთრი სახლის პოზიციაა, რომ უკრაინამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG