Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დახვდი კობახიძეს“ - თსუ-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა


საპროტესტო აქცია თსუ-ს წინ, 25 მაისი
საპროტესტო აქცია თსუ-ს წინ, 25 მაისი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები და აქციის სხვა მონაწილეები გეგმავდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციაზე შეძახილებით შეეცილებინათ, თუმცა, მან შენობაში შესასვლელად არა მთავარი კარი, არამედ სხვა, ალტერნატიული შესასვლელი გამოიყენა და ასე აარიდა თავი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას.

„როგორც ამბობენ, შეაპარეს პრემიერ-მინისტრი, რადგან აქამდე, ყოველთვის, წინა შესასვლელით სარგებლობდა. როგორც მხდალ კაცს შეჰფერის, ისე შეიყვანეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკო მანაგაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კარი სტუდენტთა უმრავლესობისთვის 25 მაისის დილას დახურული იყო. დაცვის სამსახური სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ შენობაში „მათივე უსაფრთხოების გამო“ არ უშვებდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შენობაში მხოლოდ ის ადამიანები შეუშვეს, რომლებიც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასასწრებად ორგანიზებულად მიიყვანეს:

„რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა, პარტიის ახალგაზრული ფრთის წარმომადგენლები, ხელში დააჭერინეს ბლოკნოტები და კალმები და ასე შეიყვანეს კობახიძის ლექციაზე. არცერთი არაა მისი სტუდენტი. არცერთი მისი სტუდენტი არ ესწრება ლექციებს ბოიკოტის და პროტესტის ნიშნად და ლექციაზე დაჰყავს პარტაქტივი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნიკო მანაგაძე.

მისივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ მას ფიზიკურად გაუსწორდა 10-15 კაცისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ირაკლი კობახიძეს მუდმივად მობილიზებული ჰყავს, როდესაც საუნივერსიტეტო სივრცეში იმყოფება:

„როდესაც ირაკლი კობახიძე შენობას ტოვებდა, ჩემი პროტესტი ხმამაღლა გამოვხატე, გამისწორდნენ ფიზიკურად. შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ ბოლო ერთი წელია ეს კაცი ლექციებზე ამ ზონდერ-დაჯგუფებებთან ერთად მოდის“.

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტის შენობა დატოვა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის წევრებსა და პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერ ახალგაზრდებს შორის.

ირაკლი კობახიძე, რომელიც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, 2005 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ყოველ შაბათს, დილის 10 საათზე ატარებს ლექციას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე
აქციის ერთ-ერთი მონაწილე

პრემიერ-მინისტრის ლექციებს ბოლო ერთი წელია აქტიურად აპროტესტებენ ახალგაზრდები. გასული წლის ივნისში დაპირისპირება მოჰყვა უნივერსიტეტში გამართულ ამგვარ პროტესტს, რა დროსაც ერთ-ერთი სტუდენტი დაშავდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ირაკლი კობახიძესაც ეკისრება პასუხისმგებლობა „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა, მომავალ კვირაში კი უკვე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაა დაგეგმილი.

ერთ თვეზე მეტია საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.

3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, 14 მაისს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს 27 მაისს განიხილავს.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG