Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს მიდგომა არის არასწორი“ - ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სანქციების შესახებ


ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველი პარტიის თავმჯდომარე
ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველი პარტიის თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერთა სანქცირებაზე საუბარს „მუქარასა“ და „შანტაჟს“ უწოდებს. მან, ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ უპასუხა კითხვას - პირადად ელის თუ არა აშშ-დან სანქციას, მაშინ როცა შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს მის ოჯახზეც.

„სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს... ეს მიდგომა არის არასწორი. ჩვენ, ერთი მხრივ, ვადასტურებთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა. მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ ასეთი განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც არაერთხელ გაიმეორა, რომ ამ კანონპროექტის ირგვლივ აუცილებელია დისკუსია.

14 მაისს, როცა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან თქვა, რომ თუკი კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.

„თუკი [აგენტების] კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს, ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება“, - თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა „რუსულ კანონად“ წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG