Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის 4 მთავარი გზავნილი ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტიდან


ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ყოფნისას ჟურნალისტებს ესაუბრება. 14 მაისი, 2024
ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ყოფნისას ჟურნალისტებს ესაუბრება. 14 მაისი, 2024

აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები არ აქვს დაწესებული, მაგრამ ამ საკითხს „მალე განიხილავენ“; „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიები „დაუჯერებელია“; თუ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა გაგრძელდა, პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს სანქციები დაუწესდებათ.

საქართველოში მყოფმა ჯიმ ო’ბრაიენმა - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - მედიასთან მოკლე შეხვედრისას თავისი სათქმელი შეაჯამა.

რადიო თავისუფლებამ მისი საუბრიდან ვაშინგტონის ოთხი მთავარი გზავნილი გამოყო - აი, რა უთხრა მან საქართველოს მოსახლეობას:

ურთიერთობები გადაიხედება

თუკი საქართველო შეერთებულ შტატებს თვლის მეტოქედ და არა პარტნიორად, ვაშინგტონს მოუწევს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს თბილისისთვის დახმარების გაწევა.

ო’ბრაიენის ვიზიტის პარალელურად, თეთრმა სახლმაც განაცხადა: „კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს“.

ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან
ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან

ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, რა შედეგს მოიტანს ურთიერთობების გადახედვა:

  • „ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 390 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება სამხედრო, თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკას, ინსტიტუციების მშენებლობას, ნაწილი კი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
  • ეს დახმარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუკი შეიცვლება სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ“.

იქნება სანქციებიც

გარდა დახმარების გადახედვისა, თუ კანონი წინ წაიწევს - ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, - და თუ გაგრძელდა „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“, - თუ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადებენ, აშშ შეზღუდვებს დააწესებს.

„აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.

განა მინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, პირიქით, მინდა, ევროატლანტიკურ, მტკიცე დემოკრატიის გზაზე იაროსო: „იმედი მაქვს, რომ ეს გზა დღეს კვლავ გაგრძელდება. თუ არადა, ამ საკითხებს მალე დავუბრუნდებით“.

სანქციების რისკის წინაშე ექსპრემიერი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ამჟამად საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დგას.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„ის ფიქრობს, რომ უკვე გვაქვს სანქციები დაწესებული. თუ ის დგას ყველაფრის სათავეში, და ეს [კანონი] წინ წაიწევს, ვფიქრობ, ამას [სანქციების დაწესებას] ძალიან სერიოზულად შევხედავთ“, - იტყვის ო’ბრაიენი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

და ხომ არ იქნება ეს ნაბიჯი დაგვიანებული? ო’ბრაიენის თქმით, „ეს ძალიან ახლო პერსპექტივაა“, - მაგრამ, ამავე დროს, „ეს არ არის ისეთი რამ, რომ ერთ ღამეში გაკეთდეს“.

„გამაოგნებელია“ შეთქმულების თეორიები „რედიტიდან“

ჯიმ ო’ბრაიენი ხაზს უსვამს, აშშ-ს „ამ ეტაპზე“ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები დაწესებული არ აქვს.

ახსენებს რიტორიკას „გლობალური ომის პარტიაზე“ და თითქოს არსებულ შეთქმულებას დასავლეთში, რომ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშორონ.

კობახიძე იმავე დღეს კიდევ უფრო შორს წავა და იტყვის: „გლობალური ომის პარტიის“ საკითხის განხილვა „დახურულ შეხვედრაზეც კი სახიფათოა“: თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ჯიმ ო'ბრაიენს გავუზიარე ინფორმაციის დაახლოებით 30%-იო.

„თითქოს Reddit-ის გვერდი გაცოცხლდაო“, - თავის მხრივ, ასე შეაფასა ო’ბრაიენმა „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ივანიშვილის გავრცელებული შეთქმულების თეორია და „არარეალური“ და „მცდარი“ უწოდა მას.

Reddit-ი სოციალური ქსელია, სადაც შეთქმულების თეორიების ბევრი მოყვარულია თავმოყრილი.

ო’ბრაიენი ადასტურებს ირაკლი კობახიძის მონათხრობს - ო’ბრაიენს სურდა ბიძინა ივანიშვილსაც შეხვედროდა, მაგრამ მან უარით გაისტუმრა: „პასუხი იყო ასეთი, რომ [ბიძინა] ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ“.

„ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი“, - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ კობახიძე შეთქმულების თავსატეხის მორიგ დეტალს გამოაჩენს - ამაზე ო’ბრაიენსაც ვესაუბრეო: „2008 წელს დაიწყო ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი… უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს, ჰქონდეს აღქმა დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით“.

კანონი კვლავ შეიძლება შეიცვალოს?

ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „თუკი ეს კანონი დარჩება ისეთად, რომ არ იქნება ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში, გაგრძელდება ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ს და ჩვენი პარტნიორების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“.

ეს ნათქვამი ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისათვის, რომ ვაშინგტონი ხედავს იმის მცირედ შანსს მაინც, რომ კანონპროექტი, - მესამე მოსმენით მიღების მიუხედავად, - შეიცვალოს.

მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კანონში „არსებითი ცვლილებები“ უნდა შევიდეს, სანამ ამოქმედდება.

„ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და, ასევე, რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან“, - გვითხრა მან.

მაგრამ რას ნიშნავს ეს ცვლილებები? როგორი წარმოუდგენია ეს ვაშინგტონს?

ამ შემთხვევაში ო’ბრაიენი გვეუბნება, რომ თავს არიდებს „კარნახს“, მაგრამ ახსენებს, რომ „არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები“.

ამ დისკუსიაში მთავარი დათქმა კი ასეთია: „გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი… თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია“.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ კანონპროექტს აუცილებლად დაადებს ვეტოს, მაგრამ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს არ გაუგზავნის და კანონის შესაძლო ცვლილებაზე ან ამოქმედების გადავადებაზე „ქართულ ოცნებას“ აკისრებს პასუხისმგებლობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG