Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს - სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადება "აგენტების კანონზე"


ვედანტ პატელი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე
ვედანტ პატელი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს.

საქართველოში "აგენტების კანონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმულ კითხვაზე პასუხად მან აღნიშნა, რომ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება.

"ვფიქრობ, ის ქმედებები, რომლებსაც ვხედავთ, არ შეესაბამება ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს. არა იმას, რასაც აშშ ან სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატოა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მათი აქტივობა გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება", - განაცხადა პატელმა.

მანვე დაამატა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე საჯაროდ არ ისაუბრებს და რომ ამ საკითხზე ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციები გრძელდება.

ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხვალ პარლამენტი "მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნებით", მესამე მოსმენით მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG