Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს“ - პარტია „საქართველოსთვის“


პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია
პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია

12 მაისს რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციას პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით გამოეხმაურა. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა.

„გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა.

ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები.

უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს“, - წერია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტია დემონსტრანტებს მიმართავს: „მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც ჩანს, მრავლად იქნება)“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია მიიჩნევს, რომ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს. „ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

3 აპრილს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG