12 მაისს, საღამოს 5 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "აგენტების კანონის" შესახებ ისაუბრა, თქვა, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად მიიღებს ამ კანონს და ეს იქნება "ქართული საზოგადოების ნების აღსრულება". მან ასევე გააფრთხილა კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები, რომ "ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი", პოლიციელებს კი მოუწოდა, "გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით" ისე, როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდნენ.
"სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 %-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - თქვა ირაკლი კობახიძემ კვირა საღამოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ჩატარდა ეს კვლევა და რომელმა კომპანიამ ჩაატარა ის, მას კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" განხილვა 13 მაისს განახლდება - ორშაბათს დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა, სამშაბათს, ანუ 14 მაისს, სადავო კანონპროექტი პლენარულ სესიაზე განიხილება და, სავარაუდოდ, ამავე დღეს გაიმართება მესამე მოსმენით კენჭისყრაც.
ამ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები 12 მაისს, 22 საათიდან აპირებენ პარლამენტის შენობასთან შეკრებას და ღამის გათენებას. ირაკლი კობახიძემ მტკიცებითი ტონით თქვა, რომ კანონის განხილვის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერებს დაგეგმილი აქვთ ძალადობა. მან ოპონენტები გააფრთხილა, რომ ამგვარი ქმედებები "არ დარჩება დაუსჯელი და, დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება."
პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა წინა დღეებში პოლიციის მუშაობით და თქვა, რომ ქართველი სამართალდამცველები "ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ.“
"გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მეორედ დააბრუნა სადავო კანონპროექტი დღის წესრიგში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ამ კანონის საწინააღმდეგოდ არაერთი აქცია გაიმართა - მოქალაქეები კანონის მიღებას თითქმის უწყვეტი პროტესტით ეწინააღმდეგებიან. პარლამენტში კანონის განხილვის დაწყებიდან ამ დრომდე, ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა 150-ს აღწევს - მათი ნაწილი ამბობს, რომ პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. 20-მდე მოქალაქეს აქციაზე ან დაკავებისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე - მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები ამ ადამიანების პირად ინფორმაციას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით აქვეყნებენ.
დღესვე, საღამოს 6 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგია დაგეგმილი.
ფორუმი