Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ნიკა დემურიშვილთან, რომელიც აქციაზე თვალის დაკარგვას გადაურჩა


24 წლის ნიკა დემურიშვილს თვალი 1 მაისის ღამეს დაუზიანდა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე
24 წლის ნიკა დემურიშვილს თვალი 1 მაისის ღამეს დაუზიანდა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე

24 წლის ბარმენი ნიკა დემურიშვილი, რომელიც 1 მაისის ღამეს საპროტესტო აქციიდან ჰოსპიტალში მოხვდა, ახლა სახლშია. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მას, როგორც თავად ვარაუდობს, თვალთან რეზინის ტყვია მოხვდა.

ნიკას მეუღლემ ეკრანზე ნახა მისი დასისხლიანებული სახე იმ დროს, როცა ის აქციის სხვა მონაწილეებს სასწრაფო დახმარების მანქანასთან მიჰყავდათ. ამ დროს მას ცალ თვალში სრული სიბნელე ჰქონდა.

რადიო თავისუფლება ნიკა დემურიშვილს 3 მაისს ტელეფონით ელაპარაკა - ის ჯერ კიდევ ვერ ახელს დაზიანებულ თვალს, ძლიერ ტკივილებს გამაყუჩებელი მედიკამენტებით იჩერებს და ცდილობს ფეხზე არ ადგეს. მის დიაგნოზში წერია, რომ გატეხილი აქვს თვალის ბუდე, აქვს ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები და ჰემატომა.

"გაზის საწინააღმდეგო ნიღაბი მეკეთა, რომელსაც თვალების დამცავიც ჰქონდა და მაგაში მომხვდა სავარაუდოდ რეზინის ტყვია, სხვა რა უნდა მომხვედროდა, არ ვიცი. ჩიტაძის ქუჩაზე ვიყავი, ხალხს ვეხმარებოდი გაზის კვამლიდან გამოსვლაში, ნიღაბი რომ მეკეთა, ვერ ვგრძნობდი მის სუნს საერთოდ, ფიზიოლოგიური ხსნარიც მქონდა და ვისაც ჭირდებოდა, გამოყვანითაც და ამ ხსნარითაც ვეხმარებოდი.

რამდენიმე ადამიანი რომ გამოვიყვანე და ისევ შევბრუნდი, ზუსტად მაგ დროს მომხვდა რაღაც თვალში. ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ გაზის ბალონი რომ ყოფილიყო, პირდაპირ სახეში არ უნდა მომხვედროდა. გაზის ბალონებს ისროდნენ ზემოდან და ეგ რომ ყოფილიყო, ზემოდან უნდა დამცემოდა და მე მომხვდა პირდაპირ თვალში. ალბათ ჩიტაძის ზედა ნაწილიდან ისროლეს, იქ იდგნენ "რობოკოპები", - იხსენებს ნიკა თვალის დაზიანების მომენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს 1 მაისის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენებას, თუმცა არაერთი მოქალაქე, ვინც იმ დღეს პარლამენტის შენობასთან იყო, ამბობს, რომ სხეულის დაზიანებები რეზინის ტყვიებით მიიღეს.

1-2 მაისის ღამით, თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან ჰოსპიტალში 15 ადამიანი მოხვდა - ნიკა ერთ-ერთი მათგანი იყო. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

"სერიოზული ტრავმაა მარჯვენა თვალის, თუმცა თვალი გადარჩა. ამ ეტაპზე არ ჩანს ისეთი დაზიანება, რომ ოპერაცია დასჭირდეს. ყბა-სახის ქირურგი ჭრილობას დაუმუშავებს და გაკერავს წარბის არეს, ანუ თვალბუდის და წარბის ტრავმაა თანმხლები, თვალის კონტუზია ანუ რბილი ქსოვილების ტრავმაა", - უთხრა იმ ღამეს მედიას ექიმმა ვაკო ლობჟანიძემ ნიკა დემურიშვილის შესახებ.

არც ექიმს უთქვამს, რა შეიძლება ყოფილიყო ტრავმის მიზეზი და არც თავად ნიკამ იცის დაზუსტებით, რა მოხვდა აქციის ღამეს თვალთან. დაშავებულ ახალგაზრდა კაცს ეჭვი აქვს, რომ რეზინის ტყვია.

"შემჩნეული არ მქონდა მანამდე, რეზინის ტყვიებს რომ ისროდნენ, მაგრამ გასროლის ხმები მანამდეც მესმოდა. ძალიან ბევრი გასროლის ხმა იყო ისეთი, რასაც დავარდნის ხმა და ცრემლსადენი გაზის ბალონების აფეთქება არ მოჰყოლია და ეტყობა მაგ დროს ისროდნენ რეზინის ტყვიებს.

როგორც კი თვალში მომხვდა ის რაღაც, ნიღაბი მოვიხსენი და იმხელა ტკივილი მქონდა, ყვირილი დავიწყე ეგრევე, ბიჭებმა მომკიდეს ხელი და მომენტალურად ჩამიყვანეს სასწრაფოს მანქანასთან, დაცემაც არ მაცალეს. მარჯვენა თვალში სრული სიბნელე მქონდა და პირველი ეგ ვიფიქრე, თვალი დავკარგე-თქო და პანიკაში ჩავვარდი. ვერც სისხლს ვხედავდი, ვერაფერს - კლინიკაში რომ მივედი, იქ გამიშალეს ეს დასიებული თვალი, იქ დავინახე და მერე ცოტა დავმშვიდდი", -
ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა. მას ამ დრომდე არცერთი სახელმწიფო უწყებიდან არ დაჰკავშირებია ვინმე - არ ჩატარებია არც ექსპერტიზა ტრავმის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და არც თვითონ აქვს გადაწყვეტილი, დაიწყებს თუ არა სამართლებრივ ბრძოლას სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"ვფიქრობ, რომ სამართლებრივ დავას აზრი არ აქვს, ისე იტყუებიან რეზინის ტყვიები არ გამოგვიყენებიაო, არა მგონია, მაგათთან დავას რამე აზრი ქონდეს. შეიძლება მე რეზინის ტყვია არ მომხვდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი ადამიანია, ვისაც ნამდვილად რეზინის ტყვია მოხვდა", - ამბობს ნიკა. მან ჯერ კიდევ არ იცის დაზუსტებით, სრულყოფილად აღუდგება თუ არა თვალი ქირურგიული ჩარევის გარეშე. 10 დღეში გაირკვევა, როცა შესიება ჩაცხრება.


"თვალის ბუდე თავისით თუ არ შეხორცდა და თვალში გაორება თუ დაგეწყო, ოპერაცია იქნება საჭირო და თუ ბუნებრივად აღგიდგა მხედველობა, არაფერი არ იქნება საგანგაშოო", - უთხრეს მას კლინიკაში გამოწერის წინ.

ნიკა გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ აპირებს აქციებზე დაბრუნებას.


"იმიტომ გავდიოდი, რომ არ მინდა რუსეთში გაღვიძება, არ მინდა, შვილი რომ მეყოლება, რუსეთში იცხოვროს. რატომ უნდა მთხოვდეს მთავრობა მე გამჭვირვალობას, როცა თვითონ არ არის გამჭვირვალე, ათას რაღაცას გვიმალავენ. არ არის ეგ სამართლიანი და ეგ მიჩენდა პროტესტის გრძნობას.

ახლა უკვე კანონი და აღარაფერი აღარ მაინტერესებს, შენივე მოქალაქეს ასე რომ იმეტებ ვიღაც რუსის გამო, არ არის სწორი და მარტო იმიტომ გავალ გამოჯანმრთელების შემდეგ, რომ ჩემს მოქალაქეებს დავუდგეთ გვერდში", -
ამბობს ნიკა.

დაზუსტებით იმის თქმა, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო გამოსვლებზე რამდენმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და რამდენად მძიმე, რთულია - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში კლინიკაში 20-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. უფლებადამცველები და დაკავებულთა ახლობლები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ძალადობის კვალი დაკავებულებსაც აქვთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG