"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილის, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა მობილიზებული - ინფორმაციას ავრცელებენ მისი ოჯახის წევრები, რომლებსაც სამართალდამცველები არ უხსნიან, რა მიზნით არიან შესული და არც თავად აბაშიძეს აძლევენ ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის საშუალებას.
როგორც უჩას ძმამ, გოგი აბაშიძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის მისვლის შესახებ გაიგეს ოჯახის ახლობლისგან, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს, მყისიერად მივიდნენ ადგილზე, თუმცა პოლიციისგან ვერ ახერხებენ ვერანაირი ინფორმაციის მიღებას. მათ შორის არ იციან არც ის, რომელ უწყებას წარმოადგენენ სამართალდამცველები და არც ის, უკვე აქვს თუ არა აბაშიძეს დაკავებულის სტატუსი. გოგი აბაშიძის თქმით, პოლიციას არც ორდერი არ წარუდგენია.
მისივე ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უჩა აბაშიძის შეყვარებულის სახლშიც.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ამ საკითხზე - მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
9 მაისის დილას, 10 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება "საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" და გამოიკითხება ყველა ის პირი, "რომლებსაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან." ეს გამოძიება წარმოებს სისხლის სამართლის სამი მუხლით:
- 222-ე მუხლი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება);
- 225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა);
- 226-ე მუხლი (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.)
8 მაისს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე. ისევე როგორც 2023 წლის სექტემბერში, სუსი ლაპარაკობს „მაიდნის სცენარზე" და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე.
ფორუმი