Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად მიდიხარ საქართველო? - ტოივო კლაარი "ხალხის მტრების" სიასა და ანონიმურ ზარებზე


ფოტო არქივიდან: ტოივო კლაარი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში
ფოტო არქივიდან: ტოივო კლაარი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით საქართველოში მიმდინარე სიძულვილის კამპანიას ეხმაურება.

კლაარი წერს, რომ 9 მაისი, ევროპის დღე, საერთო ზეიმის დღე უნდა იყოს, თუმცა „ხალხის მტრების“ და ანონიმური სატელეფონო ზარების ფონზე უჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო.

დღევანდელი დღე საზეიმო უნდა იყოს, თუმცა მე გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას უნდა ეფუძნებოდეს, სადაც “ხალხის მტრების” სიისა და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არაა. Quo vadis (სად მიდიხარ. რედ) საქართველო?“

9 მაისს, ღამის საათებში, თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა".

გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, თბილისში, ქუჩაში, ფიზიკურად იძალადეს „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეზე, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე.

7 მაისს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფის წევრებს. 3 მაისს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „ყველანაირ თავდასხმას“ გმობს, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამის შესახებ გომელაურმა დღეს, 9 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, ვეტერანთა დასვენების და კულტურის პარკში, სადაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად.

მისი თქმით, თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG