აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე, - რომელთან საუბარშიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეერთებული შტატები საქართველოში „რევოლუციის მოწყობის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა, - აცხადებს, რომ „კვლავ არის დრო“.
„საქართველო გადაღუნვის წერტილშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის დრო, დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - წერს იგი ტვიტერზე.
ამ წარწერით აზიარებს დერეკ შოლე ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენის - ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის - პოსტს.
ო'ბრაიენიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ამერიკელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მწვავე განცხადება გაავრცელა აშშ-ის სენატმა: ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
2 მაისს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აღნიშნა მან.
იმავე დღეს ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს და მასთან საუბარში გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.
„ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია“, - დაწერა კობახიძემ.
2 მაისსვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ფორუმი