აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„როგორც დღეს ამერიკის ხმის ჟურნალისტს, ანი ჩხიკვაძეს განვუცხადე, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვგდავართ“, - დაწერა ო'ბრაიემნა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ ტვიტერზე). „მათ [ქართველმა ხალხმა] ცხადად აჩვენეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ და იმუშაოს პარტნიორებთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან“, - აცხადებს დიპლომატი.
ორი დღით ადრე ჯეიმს ო'ბრაიენი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
ამერიკელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მწვავე განცხადება გაავრცელა აშშ-ის სენატმა: ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
2 მაისს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აღნიშნა მან.
იმავე დღეს ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს და მასთან საუბარში გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.
„ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია“, - დაწერა კობახიძემ.
2 მაისსვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ფორუმი