Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დაკავებული საპროტესტო აქციის ორი მონაწილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა
მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოძრაობა “ახლის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა.

სასამართლომ დააკმაყოფილა დაკავებულების უფლებადამცველების, საიას იურისტების, ნიკა გოგიასა და კესო ჩახაიას შუამდგომლობა და საქმეების არსებითი განხილვა გადაიდო 13 მაისამდე.

იურისტების თქმით, მტკიცებულებების მოსაპოვებლად და საქმის მასალების გასაცნობად საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ადვოკატების შუამდგომლობითვე, რომელიც ასევე დაკმაყოფილდა, აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 13 მაისს ცალ-ცალკე განიხილება და არა ერთობლივად როგორც ამას გამომძიებელი ითხოვდა.

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე 1 მაისს გამთენიისას დააკავეს პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ. ისინი ირწმუნებიან, რომ დაპირისპირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას რასაც შესაბამისად უპასუხეს:

მარიამ სიჭინავას თქმით, ის დაკავებისას ემორჩილებოდა პოლიციას თუმცა, მას მაინც უხეშად მოექცნენ. სიჭინავას მტკიცებითვე, პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც დაკავების პროცესში ასევე, განყოფილებაშიც:

“მათთვის არ გამიწევია წინააღმდეგობა, ვუთხარი რომ მივყვებოდი და არ გამოეყენებინათ ძალა, თუმცა ხელებზე მაქვს დალურჯებები, სისხლჩაქცევები. პოლიციამ დაკავებისას ჩემს მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, მანქანაში, სამმართველოს მისვლამდე პოლიციის უფროსი ჩემს მიმართ გამოირჩეოდა აგრესიით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს ასევე პოლოციის შენობაშიც გაგრძელდა. დაახლოებით 4 პოლიციელი თავზე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. იყო სექსისტური განცხადებებიც - დარჩი, ლამაზი ქალბატონი ხარ და გიყურებთ, სხვა საქმე მაინც არ გვაქვსო…”, - თქვა მარიამ სიჭინავამ.

მისგან განსხვავებით, პოლიციის სამმართველოში სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევაზე არ უსაუბრია მაია კალანდიას. თუმცა თქვა, რომ უკანონოდ დააკავეს, რადგან სანამ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა თავად მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა რასაც სათანადოდ უპასუხა:

“ეს ყველაფერი არის იმის ნაწილი რაც დღეს ხდება საქართველოში. არა რუსულ კანონს, არა ოლიგარქიას, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, - თქვა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მაია კალანდიამ.

არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის მერიასთან 1 მაისს გამთენიისას შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევა.

პროტესტის მონაწილეებს მერიის წინ მიტანილი ჰქონდათ მონიტორი, რომელზეც დედაქალაქში მიმდინარე აქციას ადევნებენ თვალს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG