Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში აქციაზე დაკავებულთა უფლებადამცველები პოლიციის მხრიდან დარღვევებზე საუბრობენ


საპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოძრაობა “ახლის” წევრი მაია კალანდია სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა კი - ფოთის განყოფილებაში.

დაკავებულების მონახულების შემდეგ საიას იურისტმა კესო ჩახაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ადვოკატის თქმითვე, მაია კალანდიას ინფორმაციით, დაკავებისას პოლიციამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულები საუბრობენ ასევე სამართალდამცავების მხრიდან სხვა დარღვევებზეც:

“დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თავს კარგად გრძნობენ. მაია კალანდიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ვინაიდან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. შესაბამისად, გამოიძახეს სასწრაფო და გაეწია დახმარება. ერთ-ერთი დაკავებული [მარიამ სიჭინავა] ამბობდა, რომ პოლიციისთვის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მეორე კი [მაია კალანდია] ამბობდა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება…ორივეს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი… საუბრობენ, რომ იყო გარკვეული დარღვევები. მაგალითად, მათთვის არ განუმარტავთ უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლება”, - განაცხადა საიას იურისტმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. სამართალდამცავებმა მოძრაობა “ახლის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

დაკავება მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევა. პროტესტის მონაწილეებს მერიის წინ მიტანილი აქვთ მონიტორი, რომელზეც დედაქალაქში მიმდინარე აქციას ადევნებენ თვალს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG