Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ კრამონი ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებას და მთავრობის დაფინანსების შეჩერებას ურჩევს


საქართველოს პარლამენტთან 15 აპრილიდან გრძელდება საპროტესტო აქციები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
საქართველოს პარლამენტთან 15 აპრილიდან გრძელდება საპროტესტო აქციები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.

დღეს, 1 მაისს, საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი. მისი ვიზიტის ფონია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში განსახილველად „აგენტების კანონის“ დაბრუნება და მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით არაერთხელ დაშალა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 1 და 2 მაისს საქართველოში ვიზიტისას, ხერტ იან კოოპმანი ისაუბრებს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ცხრა ნაბიჯის შესრულებისთვის საჭირო სამუშაოზე, შეხვდება ხელისუფლების, საპარლამენტო პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალის გაზრდაში და სესხების ეროვნულ ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

„ვფიქრობ, ახლა არ არის შესაფერისი მომენტი საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოსაცხადებლად“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ევროკავშირმა შეწყვიტოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის, რასაც საქართველოში ხალხი ელოდება და იმსახურებს.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების გაუქმება და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელ ვარიანტს შარშანდლისგან ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG