Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სავარაუდოდ, ისევ დრონებით შეუტიეს


რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის 13 მარტსაც.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის 13 მარტსაც.

გამთენიისას აფეთქებები მოხდა რუსეთის ქალაქ რიაზანში. ტელეგრამ-არხების, ASTRA-ს და Baza-ს ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

რიაზანის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა დაადასტურა ადგილობრივმა გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. მას სამიზნე და შედეგები არ დაუკონკრეტებია.

რიაზანის ოლქში ერთი „უკრაინული დრონის განადგურების“ შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შედეგებს არც ის ასახელებს.

უკრაინულ მხარეს დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც რუსული წყაროების თანახმად, კომპანია „როსნეფტი“ მართავს, დრონებით შეტევა იყო 13 მარტსაც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მაშინ დაადასტურეს, რომ ამ და რუსეთის კიდევ რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 20-ზე მეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG