Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილე, 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა


ფოტო: 17 აპრილი, 2024 წელი. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. სანდრო ჯოხაძე და თემო კოკოზაშვილი სპეცრაზმელების პირისპირ.
ფოტო: 17 აპრილი, 2024 წელი. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. სანდრო ჯოხაძე და თემო კოკოზაშვილი სპეცრაზმელების პირისპირ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 აპრილს, 2200 ლარით დააჯარიმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - მონაწილე, 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხარის თანხმობის შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ძმები, სანდრო და გიგა ჯოხაძეები პარლამენტის მარჯვენა, გვერდითა შესასვლელთან, ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როდესაც 16-17 აპრილის ღამეს, სხვა დემონსტრანტებთან ერთად აპროტესტებდნენ „აგენტების კანონს“.

ფოტოზე, რომელიც ვირუსულად გავრცელდა „ფეისბუკზე“, სანდრო ჯოხაძე და მისი მეგობარი თემო კოკოზაშვილი ჩანან სპეცრაზმელების პირისპირ. ზუსტად ეს ფოტო გამოაქვეყნა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო პოსტში.

როგორც საიაში გვითხრეს, ამ წუთებში მიმდინარეობს სანდრო ჯოხაძის სასამართლო პროცესი, რომელიც „ჭავჭავაძის ცენტრის“ უფროსი მკვლევარია.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიგა ბერაძეს დღეს სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა.

24 აპრილს სასამართლომ 2600 ლარით დააჯარიმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, 27 წლის გელა ხასაია. მას ეკუთვნის პოპულარული გვერდი ფეისბუკზე, „აფხაზური ამბები“ და ხშირად აპროტესტებს ხელისუფლების საკამათო გადაწყვეტილებებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, თეო ზაქარაშვილმა, რომელიც ხასაიას ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხასაიას დაკავების დროს მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ზაქარაშვილმა გვითხრა, რომ სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქციის მონაწილე ცოტნე არჩვაძე. „ის დემონსტრაციაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს ექვსი სპეცრაზმელი სცემდა, მათთან ხელებაწეული მივიდა და სთხოვა, არ მოეკლათ“, - თქვა იურისტმა.

თეო ზაქარაშვილიმა აღნიშნა, რომ გასაჩივრების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლოსგან დოკუმენტის მიღების შემდეგ მიიღებენ.

თეო ზაქარაშვილის თქმით, სიტყვიერი შენიშვნა მისცეს 18 წლის ირაკლი უკლებას, რომელიც აქციაზე სცემეს.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

XS
SM
MD
LG