Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Freedom House "ქართულ ოცნებას" "აგენტების კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებს


საპროტესტო აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ უკან გაიწვიოს ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონი“. ამის შესახბ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს.

"უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს - ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი“.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

2023 წელს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.

„ქართული ოცნება“ კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი“ რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ“, რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“.

XS
SM
MD
LG