Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილერი „აგენტების კანონზე“: ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი


მეთიუ მილერის განცხადებას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 
მეთიუ მილერის განცხადებას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ „აგენტების კანონი“ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვთ. მილერის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან.

ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას“, - აცხადებს მეთიუ მილერი.

აშშ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინიც.

მმართველ პარტიას ე.წ. აგენტების კანონის მიღების მორიგ განზრახვაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა და ნატომაც.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

2023 წელს „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი" რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ", რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის".

ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს გამჭვირვალობის ყალბი საბაბით „რუსული კანონის" მიღების მცდელობაში, რუსეთის მორიგი დაკვეთის შესრულებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხებაში.

XS
SM
MD
LG