Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება - ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი „აგენტების კანონზე“


ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „აგენტების კანონმა“ სერიოზული დაბრკოლება შეიძლება შეუქმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „აგენტების კანონმა“ სერიოზული დაბრკოლება შეიძლება შეუქმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფის, „განაახლე ევროპა“, წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელახალი ინიციატივა, მიიღოს „აგენტების კანონი“, დიდი დაბრკოლება შეიძლება გახდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [„ქართული ოცნების“ ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან - არა“, - წერს ევროპარლამენტარი რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში.

„არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში“, - აცხადებს იგი.

მანამდე აუსტრევიჩუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ, „როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ევრაზიული ტირანიისკენ იხრება“ და თქვა, რომ „დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საკითხი არ შეიძლება იყოს“.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG