Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევამ რუსეთს 14%-ით შეუმცირა ბენზინის წარმოება


საილუსტრაციო ფოტო. დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
საილუსტრაციო ფოტო. დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეული შედეგების გამო შემცირებას განაგრძოს ბენზინის და დიზელის საწვავის წარმოება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

18-24 მარტის კვირაში რუსეთის ქარხნებმა აწარმოვეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთმა აწარმოვა 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის მარტის ბოლოსთვის ბენზინის წარმოების წლიური კლება 14%-ია, ხოლო დიზელის საწვავის - 7%.

გასულ კვირაში გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერდა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოიყვანეს საავტომობილო საწვავის წარმოების 16%.

2024 წლის მარტის დასაწყისიდან დრონებით შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მათ შორის კომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ ქარხნებზე რიაზანის და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში. ეს საწარმოები, რომლებსაც დრონებით დარტყმით გამოწვეული ხანძრის შედეგად პირველადი გადამუშავების დანადგარები დაუზიანდა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პირველ ათეულში არიან და ბენზინით მოსკოვს ამარაგებენ.

გამოცემა „ინსაიდერის“ ცნობით, 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის ათ რეგიონში დრონებით შეტევა იყო 15 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 192 მილიონი ტონაა.

უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გახშირებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.

ამასთან, ბოლო ხანს არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ ეს უკრაინის სპეცოპერაციაა. ერთ-ერთი ასეთი წყაროს თანახმად, მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც რუსეთი ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

XS
SM
MD
LG