Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ის თანახმად, პუტინის გარემოცვას არ სჯერა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის მონაწილეობისა


ვლადიმირ პუტინის სატელევიზიო გამოსვლა "კროკუს სიტი ჰოლზე" თავდასხმის მეორე დღეს. მოსკოვი, 23 მარტი, 2024.
ვლადიმირ პუტინის სატელევიზიო გამოსვლა "კროკუს სიტი ჰოლზე" თავდასხმის მეორე დღეს. მოსკოვი, 23 მარტი, 2024.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას შეიძლებოდა კავშირი ჰქონდეს „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან, რუსეთის ლიდერის უახლოესი წრის ნაწილი არ ეთანხმება ამას, წერს Bloomberg-ი კრემლთან მჭიდრო კავშირის მქონე ოთხ ადამიანზე დაყრდნობით.

მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას კიევის კავშირის მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს თავად პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ფსბ-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.

სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ პუტინი სავარაუდოდ ესწრებოდა დისკუსიებს, რომელთა დროსაც ოფიციალური პირები თანხმდებოდნენ, რომ მომხდარს კიევთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ეს ტრაგედია გამოიყენოს უკრაინაში ომის გარშემო რუსების გასაერთიანებლად, ირწმუნება Bloomberg-ის წყარო.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, კრემლის ოფიციალური პირები შეაძრწუნა იმან, რომ უშიშროების სამსახურებმა ვერ აღკვეთეს თავდასხმა საკონცერტო დარბაზზე ცეცხლსასროლი იარაღით. რუსეთში მათთვის ნაცნობი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტიდან თითქმის არავის არ სჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო ხელი შეეწყო ამ თავდასხმისთვის, წერს სააგენტო.

კიევში კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის მონაწილეობას „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ტრაგედიაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკვე უწოდა Bloomberg-ის პუბლიკაციას „ყველა ფეიკის დედა“.

22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან.
XS
SM
MD
LG