Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია ჰამასთან ბრძოლას აგრძელებს ღაზის ორ საავადმყოფოსთან


ისრაელის არმიამ 25 მარტს განაცხადა, რომ ჰამასთან ბრძოლას აგრძელებს ღაზის ორ საავადმყოფოსთან.
ისრაელის არმიამ 25 მარტს განაცხადა, რომ ჰამასთან ბრძოლას აგრძელებს ღაზის ორ საავადმყოფოსთან.

ისრაელის არმიის თანახმად, 25 მარტს განაგრძობს ბრძოლას ჰამასთან (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) ღაზის ორი საავადმყოფოს არეალში. მისი ცნობით, გასულ დღე-ღამეში საჰაერო თავდასხმების და უშუალო ბრძოლის დროს მოკლულია მოწინააღმდეგის დაახლოებით 20 მეომარი.

ისრაელი ღაზის საავადმყოფოებზე იერიშებს ოქტომბრის დასაწყისიდან აწყობს, რადგან თვლის, რომ საავადმყოფოების შენობებს ჰამასი იყენებს საყრდენ პუნქტებად, რასაც პალესტინელი მებრძოლები უარყოფენ.

ღაზის უდიდესი საავადმყოფოს, „ალ-შიფის“, მახლობლად მცხოვრები პალესტინელები იტყობინებიან ჯოჯოხეთური მდგომარეობის თაობაზე - ჰყვებიან ქუჩაში გვამებზე, საჰაერო თავდასხმებსა და რეიდებზე, როცა კაცებს ქვედა საცვლებამდე ხდიან და ასე კითხავენ.

ისრაელმა „ახალი ოპერატიული ღონისძიებები“ უწოდა ოპერაციებს ქალაქ ღაზაში, „ალ-შიფის“ საავადმყოფოსა და ხან-იუნისში, „ალ-ამალის“ საავადმყოფოს გარშემო.

ამ რეიდებს მოჰყვა სერიოზული შეშფოთება საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების და გადაადგილებული პირების გამო.

AFP-ს მოჰყავს პალესტინელების „წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაცია, რომ „ალ-ამალის“ საავადმყოფო გარშემორტყმულია სამხედრო მანქანებით და პერსონალს გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

არმიის თქმით, ოპერაცია საავადმყოფოს რაიონში მოიცავდა რეიდს „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ რამდენიმე ობიექტზე, სადაც ნაღმმტყორცნებს და სხვა სამხედრო ტექნიკას მიაგნეს.

არმიის ცნობით, „ალ-შიფის“ რეგიონში ოპერაცია მერვე დღეა გრძელდება და დაკავებულია 500 ტერორისტი, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰამასთან და „ისლამურ ჯიჰადთან“. ისრაელმა გამოაცხადა, რომ ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო მეომარი არ აღმოჩნდება “მათ ხელში“.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ჰამასი მართავს, 24 მარტს განაცხადა, რომ სექტორში, სულ ცოტა, 32226 ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც ხუთი თვის წინ დაიწყო ომი ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის.

არსებული ცნობით, ღაზაში 74518 ადამიანია დაჭრილი ომის დაწყების შემდეგ, როცა 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ. მაშინ დაიღუპა 1200-მდე ისრაელელი და ჰამასმა მძევლად აიყვანა დაახლოებით 240 ადამიანი, რომლის ნაწილი გათავისუფლებულია, ნაწილი დაიღუპა დაუდგენელ ვითარებაში.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა მთელი რეგიონის ალყა და მასირებული საჰაერო იერიშები, როგორც ისრაელი აცხადებს, ჰამასის სრული განადგურების მიზნით. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები იტყობინებიან მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. რეგიონში შეზღუდულია ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, რადგან, საერთაშორისო მცდელობის და ისრაელზე ზეწოლის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ცეცხლის დროებით შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG