ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც მართავს დაჯგუფება ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად), 24 მარტს განაცხადა, რომ სექტორში, სულ ცოტა, 32226 ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც ხუთი თვის წინ დაიწყო ომი ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის.
სამინისტროს თანახმად, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა 84 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ღაზაში 74518 ადამიანია დაჭრილი ომის დაწყების შემდეგ, როცა 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ. მაშინ დაიღუპა 1200-მდე ისრაელელი და ჰამასმა მძევლად აიყვანა დაახლოებით 240 ადამიანი. მათი ნაწილი გათავისუფლებულია. ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მძევლების გათავისუფლების ფარგლებში, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოწოდებას შეიცავდა. აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის თანახმად, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სულ მცირე, ექვსი კვირით იმოქმედებდა, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის დაცვას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მერე, რომლის მიზნად ისრაელმა ჰამასის განადგურება გამოაცხადა, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა საერთაშორისო ორგანოს არ მისცემოდა პალესტინელთა ტერიტორიაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდების შესაძლებლობა.