მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიევის ცნობით, შაბათის დილის მონაცემებით, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის საავადმყოფოებში „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტისას დაზარალებული 115 ადამიანი იმყოფება. მისი ინფორმაციით, მათ შორისაა 5 ბავშვი.
ამ დროისათვის სამაშველო სამსახური აგრძელებს მუშაობას ტრაგედიის ადგილას.
მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა საკონცერტო დარბაზის ჰოლში ცეცხლი გახსნეს, შენობაში დაიწყო პანიკა. ადამიანები გასასვლელის პოვნას ცდილობდნენ. თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, შენობაში გაისმა აფეთქებების ხმაც და გაჩნდა ძლიერი ხანძარი, ნაწილობრივ ჩამოინგრა შენობის სახურავი.
ვრცელდება წინააღმდეგობრივი ინფორმაცია შენობის შტურმისა და იმის შესახებ, რომ თავდამსხმელები მიიმალნენ და მათ ეძებენ. სოციალურ ქსელებში გაჩნდა სავარაუდო თავდამსხმელებისა და მათი ავტომობილის ფოტოები.
რუსეთის ბევრ ქალაქში გადაიდო მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები, დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
რა არის ცნობილი თავდამსხმელების შესახებ?
თვითმხილველები თავდამსხმელებს ასე აღწერენ - „ადამიანები ყავისფერი ტანსაცმლით“, „კამუფლაჟებში თუ ჟილეტებში“. ისინი, ამ დრომდე, ვერ აზუსტებენ, რამდენი თავდამსხმელი იყო 22 მარტის საღამოს „კროკუს სიტი ჰოლში“. ერთ-ერთი კაცი ამბობს, რომ თავდამსხმელები ჩუმად იყვნენ, არაფერს ყვიროდნენ. ამბობს, რომ მათ ნიღბები არ ეკეთათ. თუმცა, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელებს სახე ნაჭრით ჰქონდათ დაფარული, საიდანაც წვერი უჩანდათ.
თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, შესაძლოა, საუბარი იყოს მინიმუმ სამ თავდამსხმელზე.
მოგვიანებით, ტელეგრამის არხმა Baza, გაავრცელა ცნობა, რომ სამართალდამცავები ეძებენ „ოთხ კაცს კამუფლაჟებში“, რომლებიც შესაძლოა ადგილიდან მიიმალნენ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა თეთრი ავტომობილის, Renault Symbol-ის ფოტო, რომელსაც ტვერის ოლქის სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდა.
„ნოვაია გაზეტა ევროპამ“ შეძლო ავტომობილის ყოფილი მფლობელის იდენტიფიცირება. 24 წლის კაცი ამბობს, რომ „დაახლოებით ერთი კვირის“ წინ მიჰყიდა მანქანა ცოლისძმას, რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ ავტომობილი მის მეგობარს სჭირდებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ავტომობილი გადაღებილია. თავდაპირველად ის შავი ფერის იყო.
საგზაო კამერებიდან ამოღებული ავტომობილის ფოტოს თანახმად, მანქანაში ორი კაცი ზის - ერთ-ერთ მათგანს ქუდი ახურავს, საიდანაც უჩანს მუქი თმა, აცვია კამუფლაჟის მსგავსი ტანსაცმელი.
მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ სამართალდამცავები ეძებენ კიდევ ერთ ავტომობილს - რუხი ფერის Renault Fluence-ს.
რამდენიმე ანონიმური ტელეგრამარხი წერს, რომ „ტერორისტები შენიშნეს“ ბრიანსკის ოლქში და ერთ-ერთი მათგანის ლიკვიდირება მოხერხდა. ოფიციალურ ცნობებს ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები არ ავრცელებენ.
ვინ დგას თავდასხმის უკან?
ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ „კროკუს სიტი ჰოლის“ თავდასხმის უკან შესაძლოა უკრაინა იდგეს. თავად უკრაინის ხელისუფლებაში მოსკოვის რეგიონში მომხდარ თავდასხმას "პუტინის რეჟიმის მიზანმიმართულ პროვოკაციას" უწოდებენ:
"ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა, „უკრინფოსთან“ კომენტარში.
აშში-ის განცხადებით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას. ამასთანავე, მარტის დასაწყისში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების დროს თავდასხმების ორგანიზებას.
არჩევნების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის ქვეყნების განცხადებებს რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ „პროვოკაციული“ და „ხალხის დაშინებისა და დესტაბილიზაციისკენ“ მიმართული ქმედებები უწოდა.
„კროკუს სიტი ჰოლის“ თავდასხმიდან რამდენიმე საათში გაჩნდა ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. თავდაპირველად, თავდასხმის ეს ვერსია მედიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა, მოგვიანებით, CBS-ი და New York Times-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ ვრცელდება, წერდნენ, რომ აშშ-ის დაზვერვა საუბრობს საკონცერტო დარბაზზე თავდასხმაში „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობაზე და, რომ აშშ-მ რუსეთი პოტენციური ტერაქტის შესახებ ადრევე გააფრთხილა.
New Yor Times-ი წერს, რომ ნაწილობრივ საუბარია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში ბაზირებულ დანაყოფზე, რომლებსაც სამაგიეროს გადახდა სურდათ რუსეთისთვის ავღანეთის, ჩეჩნეთისა და სირიის გამო.
ანალიზი
ჟურნალისტი-გამომძიებელი ხრისტო გროზევი, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში საუბრისას, ტერიტორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობას საკონცერტო დარბაზზე თავდასხმაში ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ასახელებს:
„ეს უნდა დავუკავშიროთ იმ გაფრთხილებას, რომელიც ორი კვირის წინ მისცა ამერიკამ რუსეთს. გაფრთხილება საკმაოდ კონკრეტული იყო, თუმცა, რუსული მხარე ჩიოდა, რომ ის „ზოგადი“ იყო და ეს გაფრთხილება ეხებოდა რუსეთის ინტერესებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ შესაძლო ტერაქტებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური დანაყოფის მხრიდან. მართალია, ამ გაფრთხილებას რუსულმა მხარემ ცივად უპასუხა და თქვა, რომ გაფრთხილებას ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ, თუმცა, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე მაინც დააკავეს ამ ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი“, - თქვა ხრისტო გროზევმა.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, პოლიტოლოგი ვლადიმირ პასტუხოვი:
„საჭიროა მკაფიოდ გავარჩიოთ ტრაგედიის სამი რაკურსი: რა მოხდა? ვის ჩამოკიდებენ მომხდარზე პასუხისმგებლობას? რა მოხდება შემდეგ? - იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოხდა და ვის დააკისრეს პასუხისმგებლობა.
პირველ საკითხზე ვიტყვი, რომ მომხდარი უფრო მეტად ჰგავს რუსული სპეცსამსახურების კრახს და არა მათ მიერ მოწყობილ პროვოკაციას. და არა იმიტომ, რომ არ მჯერა, რომ მათ შეუძლიათ მსგავსი პროვოკაციების ორგანიზება, არამედ იმიტომ, რომ არ მჯერა მათი უნარების, გათვალონ მათ მიერვე დაგეგმილი პროვოკაციის შედეგები, რათა მიიღონ მათთვის სასურველი ეფექტი.
რაც შეეხება მეორე საკითხს, საბოლოოდ, მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იქნება დანიშნული და არა ნაპოვნი. ძალიან გამიკვირდება, თუკი ეს არ იქნება უკრაინა. მაგრამ, ამასთანავე, ეს ნამდვილად არ იქნება უკრაინა, თუკი მანამდე, რუსულმა სპეცსამსახურებმა მართლაც მიიღეს საკმარისი ინფორმაცია ამერიკელებისა და მათი მოკავშირეებისგან, რასაც ვერ „დამალავენ“, როდესაც უკრაინულ კვალზე დაიწყებენ ვერსიების გავრცელებას.
მესამე - შედეგები. ტერორისტული თავდასხმა მოერგება იმ ზოგად მონახაზს, რაც ხდება რუსეთში და საბოლოოდ, გახდება მხოლოდ კატალიზატორი იმ პროცესებისთვის, რომლებიც დიდი ხანია დაწყებულია. ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად წავა ტერორისა და სამოქალაქო ომის მიმართულებით და, ამასთანავე, ეს მოხდება ნახტომებით“.
რეაქციები
აშშ-ის თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ტერაქტისას დაღუპულთა ოჯახებს: „ჩვენ, ყველანი, ვუყურებთ ვიდეოკადრებსა და ცნობებს მოსკოვიდან. ვცდილობთ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია. კადრები საშინელია, ძალიან ძნელია მათი ყურება“.
რუსეთის მოქალაქეებს თანაგრძნობა გამოუცხადა 20-ზე მეტმა ქვეყანამ.
23 მარტის დილას განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც და დაგმო მოსკოვში მომხდარი ფაქტი:
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.
მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა დაგმო ევროკავშირმა: „ევროკავშირი შეშფოთებულია და შოკშია „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის გამო. ევროკავშირი გმობს ყველანაირ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები ახლა რუსეთის ყველა იმ მოქალაქესთანაა, ვისაც ეს ტერაქტი შეეხო“, - წერს პეტერ სტანო, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერი.
„კადრები, რომლებიც მოსკოვიდან ვრცელდება, შემაძრწუნებელია. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, დაჭრილებთან და რუს ხალხთანაა. აუცილებელია, მოეფინოს შუქი ამ ამაზრზენ ფაქტებს“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.