სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ შესაძლოა, მალე კურორტ ბახმაროში 350 აპარტამენტისგან შემდგარი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას დაიწყოს. იანვრის დასაწყისში „ორბიმ“ მომავალი შენობის პირველი ფოტორენდერები გამოაქვეყნა და ბინების გაყიდვაც დააანონსა.
მალე გაირკვა აქამდე უცნობი დეტალებიც - კომპანია ბახმაროში ასმილიონდოლარიან ინვესტიაციას დებს. მას სახელმწიფომ 4 ჰექტარზე ცოტა მეტი ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. „ორბი“ ბახმაროში სულ 10 ჰექტარ მიწას ფლობს.
„ორბი“, რომელიც ცნობილია ბათუმში აშენებული მრავალსართულიანი კორპუსებით, ბახმაროში, როგორც თავად აცხადებს, დაახლოებით 12 მეტრის სიმაღლის, 3-5 სართულის ტერასული კომპლექსის აგებას გეგმავს, რომელმაც წელიწადში 300 000 სტუმარი უნდა მიიღოს.
„ორბი ბახმაროს“ აშენების იდეას ჰყავს მომხრეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ამბავი კურორტს ბევრ პრობლემას გადაუწყვეტს, მაგრამ ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგეც, მათ შორის, ბახმაროელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კომპლექსი ამ სახით არ აშენდება.