Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულების თარიღი ისევ გადაიდო - ამჯერად 2024 წლის დეკემბრამდე


მეტროსადგური "ავლაბარი". 2024 წლის 22 იანვარი
მეტროსადგური "ავლაბარი". 2024 წლის 22 იანვარი

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიდო. ამჯერად 2024 წლის დეკემბრამდე. ვადის გადაწევაზე შეთანხმება უკვე გაფორმებულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და კონტრაქტორ შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის.

„სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო საჭირო გახდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება... ზემოაღნიშნულის გათვალისწინება იწვევს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას“, - წერია შეთანხმების დოკუმენტში.

მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების 2024 წლის 24 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ გაფორმებული შეთანხმება
მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების 2024 წლის 24 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ გაფორმებული შეთანხმება

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები „ბადა ქონსთრაქშენს“ ტენდერის გარეშე, 4,2 მილიონ ლარად დაუკვეთა. 2022 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში.

პირველადი შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2023 წლის 15 ივლისამდე. მას შემდეგ ვადამ ორჯერ გადაიწია:

  • 2023 წლის 14 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით - 2024 წლის 15 მარტამდე;
  • 2024 წლის 15 მარტს გაფორმებული შეთანხმებით - 2024 წლის 24 დეკემბრამდე.

თუმცა ჯერ კიდევ 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერი კახა კალაძე ამბობდა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულება ზაფხულამდე გადაიდებოდა.

„რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ეს თბილისის მერმა თქვა წერეთლის გამზირზე, რომლის სრული რეაბილიტაციის დასრულებაც ასევე გვიანდება - თავდაპირველი დაპირებისგან განსხვავებით, 1 თებერვალს მხოლოდ გზის სავალი ნაწილი გაიხსნა.

რაც შეეხება „ბადა ქონსთრაქშენს“, მას კიდევ ერთი მეტროსადგურის - „ვარკეთილის“ - რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. 2022 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულდეს, ვადა 2024 წლის ივნისში იწურება.

XS
SM
MD
LG