Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურ "ავლაბრის" რეაბილიტაციის დასრულება ზაფხულამდე გადაიდო


 მეტროსადგური "ავლაბარი". 2024 წლის 22 იანვარი
მეტროსადგური "ავლაბარი". 2024 წლის 22 იანვარი

მეტროსადგურ "ავლაბრის" რეაბილიტაციის დასრულების ვადა ისევ შეიცვალა.

სამუშაოები გაზაფხულის ნაცვლად ზაფხულში დასრულდება. განახლებული ვადა ჟურნალისტებთან საუბარში წერეთლის გამზირზე დაასახელა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც იქ სატრანსპორტო გზის გახსნის შემდეგ მივიდა.

წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის დასრულების ვადამაც იანვრიდან მარტამდე გადაიწია. დღეს, 1 თებერვალს, მხოლოდ გზის სავალი ნაწილი გაიხსნა.

"რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება", - თქვა თბილისის მერმა.

სადგურზე შესასვლელი სათადარიგო კარი. 2024 წლის 22 იანვარი
სადგურზე შესასვლელი სათადარიგო კარი. 2024 წლის 22 იანვარი

რეაბილიტაცია სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულების დადებიდან უკვე 18 თვეა გასული - სამუშაოების დასრულების ვადამ კიდევ ერთხელ გადაიწია.

რეაბილიტაციის პროცესის მიუხედავად, ამ მეტროსადგურს მუშაობა არ შეუწყვეტია.
რეაბილიტაციის პროცესის მიუხედავად, ამ მეტროსადგურს მუშაობა არ შეუწყვეტია.

"ავლაბრის" რეაბილიტაციისთვის 4,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს "ბადა გრუპთან" ("ბადა ქონსთრაქშენ") 2022 წლის 17 ივლისს დაიდო. ერთი წლისთავზე, 2023 წლის ივლისში კი, კონტრაქტორს ხელშეკრულება 2024 წლის 15 მარტამდე გაუგრძელეს.

იგივე კომპანია ასრულებს მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. ამ შემთხვევაში 13,4-მილიონიანი ლარის ოდენობის ხელშეკრულებაც ტენდერის გარეშე დაიდო.

XS
SM
MD
LG