Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერეთელზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა - თბილისის მერია


დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება.
დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება.

თბილისში, წერეთლის გამზირზე, დასრულდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. საავტომობილო მოძრაობა დღეიდან, 1 თებერვლიდან, აღდგა.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება.

"არ მინდა შეცდომაში შევიდეს საზოგადოება და იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდა. აქ საგზაო ნაწილზე იყო ლაპარაკი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, გამზირის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, ხოლო მეორე მხარეს მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება.
დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება.

გარდა ამისა, ეზოებში შესასვლელები მოწესრიგდება, დაიგება ასფალტი, გზა დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დაყენდება. ყველაფერი გაკეთდება ისევე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში. ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც წერეთლის გამზირზე იყო მისული მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად.

გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო. მერიის დაპირებით, მისი სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით აქცენტი მხოლოდ საავტომობილო გზის ნაწილზე კეთდებოდა.

წერეთლის გამზირის სიგრძე სულ 3,5 კილომეტრია. მხოლოდ საგზაო ნაწილის განახლება 31 მილიონი ლარი დაჯდა.

ორი კვირის წინ, 15 იანვარს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მოულოდნელად შეწყვიტა ხელშეკრულებები ორ კონტრაქტორთან, რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდნენ. მერი დაეყრდნო მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის… ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე", - წერია კახა კალაძის 15 იანვრის ბრძანებაში.

გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის დაგების გარდა, უნდა დარგონ ხეები, მოეწყოს ტროტუარები, გადასასვლელები და შეიცვალოს განათების სისტემები.

XS
SM
MD
LG