Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვმა თავისი შვილები „ჩეჩნური ენის დაცვის საბჭოს“ წევრებად დანიშნა


ხატიჟატ კადიროვა და ახმატ კადიროვი
ხატიჟატ კადიროვა და ახმატ კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების თავკაცმა რამზან კადიროვმა ეროვნული ენის შენარჩუნებისა და განვითარების ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობა განაახლა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, განახლებულ საბჭოში აკადემიური სტატუსის მქონე ორი პირის გარდა, მოხვდნენ კადიროვის ორი შვილი: 24 წლის ხატიჟატი და 18 წლის ახმატიც.

რამზან კადიროვმა 2023 წელი ჩეჩნური ენის წლად გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით შექმნა მშობლიური ენის შენარჩუნების ექსპერტთა საბჭო, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. ამასთან, საჯაროდ არ არის ცნობილი, თუ რას საქმიანობს ექსპერტთა საბჭო და რა როლი დაეკისრებათ კადიროვის შვილებს, რომლებიც ბოლო ხანს სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მან ასევე მიიღო რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი, რომელიც მისი ბაბუის პატივსაცემად დაარსდა.

ხოლო ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ხატიჟატი 2020 წლიდან გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობს და რამზან კადიროვმა ისიც ახმატ კადიროვის სახელობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

ხატიჟატი შარშან რამზან კადიროვის სხვა შვილებთან ერთად დუბაიში მიმდინარე კლიმატის სამიტში მონაწილეობდა.

ჩეჩნეთში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს რამზან კადიროვის ათობით ნათესავი იკავებს. 2018 წელს "ბიბისის" რუსულენოვანმა სამსახურმა დათვალა, რომ ჩეჩნეთის 158 მსხვილი ჩინოვნიკიდან 30 პროცენტი რეგიონის მეთაურის ნათესავებზე მოდიოდა.

XS
SM
MD
LG