Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან შესაძლოა, უვადო მოსამართლის გათავისუფლებას ითვალისწინებდეს


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. ვეტინგი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კეთილსინდისიერების გადამოწმებას შესაძლოა, უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება მოჰყვეს. ამის შესახებ მან დღეს, 14 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით.

"ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს. ვეტინგი გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას უნდა მოყვეს კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეს შედეგი შეიძლება იყოს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს პროცედურა, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლებას ან სხვა რაიმე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური.

ჩვენ გვყავს უვადოდ განწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უვადოობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია და ამბობს, რომ "არავისი საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება".

"ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან მიმართებაში, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის საბჭო, მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს და ვერ მიმართავენ იუსტიციის საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები", - განაცხადა პრემიერმა.

გუშინ, 13 მარტს, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ [ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "სასამართლოს გუშაგი", "დემოკრატიის მცველები", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"] გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ხელისუფლება "კლანის" წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას.

XS
SM
MD
LG