დღეს, 13 მარტს დილით, აფეთქებები იყო რუსეთის რიაზანის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.
ტელეგრამ-არხი Baza თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქარხანას სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. დრონებით შეტევა და ხანძარი დაადასტურა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. იმავე დღეს, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ორიოლის ოლქში დაიწვა ნავთობის რეზერვუარი.
რუსეთი დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც მსგავს ფაქტებს ხშირად ტოვებს ოფიციალური კომენტარის გარეშე, სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.
ბოლო თვეებში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის რეზერვუარებზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.