Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ხანძარი რუსეთის ქალაქ კსტოვოს ნავთობის ბაზაზე. 2022 წლის მარტი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ხანძარი რუსეთის ქალაქ კსტოვოს ნავთობის ბაზაზე. 2022 წლის მარტი

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც ქალაქ კსტოვოში მდებარეობს. ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.

დღეს, 12 მარტს დილით, ადგილობრივი ტელეგრამ-არხები აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ, რაც მოგვიანებით დაადასტურა რეგიონის ხელისუფლებამ.

ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის თანახმად, კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე“ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის გადამამუშავებელ დანადგარს. გუბერნატორის წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

ნიკიტინს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია, თუმცა კომპანია „ლუკოილის“ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ინციდენტის“ გამო მუშაობა „დროებით შეაჩერეს“ საწარმო „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზის“ ტექნოლოგიურმა დანადგარებმა. რა ინციდენტის გამო, კომპანიას არ დაუკონკრეტებია.

გამთენიისას, დრონით დარტყმის შედეგად, ორიოლის ოლქში ხანძარი გაუჩნდა ნავთობის რეზერვუარს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო გახდა 60-ზე მეტი მეხანძრის და სპეციალური სახანძრო მატარებლის გამოძახება.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ ღამით და გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო სხვა ოლქებზეც. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია ტრადიციული შინაარსით, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერაქტების მცდელობა“ და მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, კურსკის, ბრიანსკის, ტულისა და ორიოლის ოლქებში „განადგურებულია“ 25 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ზოგადად, კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება. ბოლო თვეებში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის რეზერვუარებზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.

XS
SM
MD
LG