Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის $80 მილიონია გათვალისწინებული


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაშინგტონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაშინგტონი

აშშ-ის სახელმწიფო, უცხოური ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინა მოთხოვნილ ბიუჯეტში ხარჯების დამასაბუთებელი დოკუმენტი. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს დასახმარებლად 2025 წლისთვის 80 მილიონი დოლარია მოთხოვნილი.

მიმდინარე, 2024 წელს, საქართველოსთვის გამოყოფილია 88 მილიონი დოლარი, რაც 8 მილიონით მეტია 2025 წლისთვის გამოსაყოფ დახმარებაზე.

„მოთხოვნა საქართველოსთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მდგრადობას მავნე გავლენის წინააღმდეგ“, - წერია დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც, ეს დაფინანსება საქართველოში ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას; დაეხმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე. ასევე საუბარია პოლიტიკურ პლურალიზმსა და შერიგების მცდელობების დახმარებაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

დახმარების მიზნებს შორის ჩამოთვლილია კიბერუსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ანტიკორუფციული ინიციატივების გაძლიერება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საზღვრების უსაფრთხოება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დღეს, 12 მარტს, ჰკითხეს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს აშშ-დან დახმარების 8 მილიონი დოლარით შემცირება მომავალ წელს.

"მე ვერ გეტყვით. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი", - თქვა მან საპასუხოდ.

საერთო ჯამში, ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში 2023-2025 წლებში გამოყოფილი დახმარების მოცულობა არ შეცვლილა და ის მუდმივად 850,3 მილიონი დოლარია.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება სომხეთისთვის (40-დან 45 მილიონ დოლარამდე); უცვლელია მოლდოვისთვის (55 მილიონი); დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში კი კლებაა (108,1 მილიონიდან 105,6 მილიონამდე).

XS
SM
MD
LG