2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. საქსტატი განმარტავს, რომ 24%-იანი კლების ძირითადი მიზეზი სავალო ვალდებულებების შემცირებაა.
2023 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში $1594,7 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, 503,2 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე წინა წელს. თუ არ გავითვალისწინებთ 2022 წელს, უცხოური ინვესტიციების კუთხით ეს არის საუკეთესო მონაცემები, ბოლო 6 წელში.
გასულ წელს საქართველოს სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო: გაერთიანებული სამეფო (24,6%), ნიდერლანდი (22,6%) და თურქეთი (10,6%).
ყველაზე დიდი თანხა, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39,5 პროცენტი, ჩაიდო ($630,1 მლნ) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი ($291,7 მლნ - 18,3%), მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი ($138,2 მლნ - 8,7%).