Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა სატვირთო გემზე იემენელი ჰუთების თავდასხმას


ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმიან 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმიან 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ.

3 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 4 დაიჭრა სატვირთო გემზე მეამბოხე ჰუთების თავდასხმის შედეგად.

ბარბადოსის დროშით მცურავ, ლიბერიის კუთვნილ გემზე True Confidence სარაკეტო შეტევა 6 მარტს განხორციელდა. თავდასხმის დროს გემი იემენის ქალაქ ადენის სანაპიროდან 93 კილომეტრში იმყოფებოდა.

ინფორმაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ გაავრცელა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს. ეს წითელ ზღვაში გემებზე ჰუთების თავდასხმებით გამოწვეული მსხვერპლის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

3 დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გემი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

გემის მფლობელის ინფორმაციით, ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო ეკიპაჟმა ხომალდი დატოვა. 20-წევრიან ეკიპაჟში იყვნენ ინდოეთის, ვიეტნამის და ფილიპინების მოქალაქეები. გემზე იმყოფებოდა ორი შრი-ლანკელი და ერთი ნეპალელი შეიარაღებული მცველიც.

დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის სააგენტოს ცნობით, გემის ეკიპაჟს დახმარება გაუწიეს საერთაშორისო კოალიციის სამხედრო გემებმა, რომლებიც ჰუთების საწინააღმდეგო ოპერაციაში მონაწილეობენ.

მეამბოხე ჰუთების წარმომადგენლის განცხადებით, გემს მას შემდეგ დაარტყეს, რაც ეკიპაჟი არ დაემორჩილა კურსის შეცვლის მოთხოვნას.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს დრონებით და რაკეტებით თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.

ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ისრაელი ომს არ შეწყვეტს.

ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. წითელ ზღვაში ნაოსნობის დასაცავად თავისი ძალები გაგზავნა ევროკავშირმაც.

წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.

XS
SM
MD
LG