გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემმა Hessen-მა წითელ ზღვაში წარმატებით მოიგერია იემენში მოქმედი ჰუთების დაჯგუფების თავდასხმა. ამის შესახებ სააგენტოები dpa და AFP იუწყებიან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, 27 თებერვალს გერმანულმა გემმა ორი საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
გერმანიის პარლამენტმა შეიარაღებულ ძალებს 24 თებერვალს მისცა ევროკავშირის მისიაში, Aspides-ში მონაწილეობის მანდატი. ეს მისია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში ჰუთების თავდასხმებისგან სამოქალაქო გემების დაცვას. ოპერაციაში ჩაერთო გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი Hessen-ი, რომელზეც 240 სამხედრო იმყოფება.
უკვე რამდენიმე თვეა, წითელ ზღვაში ჰუთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებენ აშშ და დიდი ბრიტანეთი.
27 თებერვალს აშშ-ის სენატში, საკომიტეტო მოსმენაზე, თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დენიელ შაპირომ განაცხადა, რომ 2023 წლის 19 ნოემბრიდან ჰუთებმა რაკეტებით და დრონებით სულ მცირე 48-ჯერ მიიტანეს იერიში სატვირთო და სამხედრო გემებზე და საფრთხე შეუქმნეს 55-ზე მეტი ქვეყნის ინტერესებს და წითელი ზღვის გავლით თავისუფალ ვაჭრობას.
შაპიროს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში ამერიკელმა სამხედროებმა იემენში, ჰუთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაარტყეს 230-ზე მეტ სამიზნეს და წითელ ზღვაში ჩამოაგდეს მათი ათეულობით რაკეტა და დრონი.
ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.