რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიმართვა, რომ 2023 წლის განმავლობაში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, ძირითადად ონკომედიკამენტები შემოიტანა.
უწყების ცნობითვე, მედიკამენტები გაიცა პაციენტებზე როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული.
"სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგებზე მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - აცხადებენ უწყებაში.
დღესვე ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა თანამდებობის დატოვების შემდეგ. როგორც იგი წერს, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც "საეჭვო ქვეყნიდან" ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა:
"სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.
სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20მლნ ლარი იყო".
ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. ამ დღეს ამ ამბის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა აცნობა. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და ახსენა "რესპუბლიკური საავადმყოფო".
საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მიიღეს. იგი კლინიკის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება პრემიერად მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში შეცვალა.