Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისრაელი შეცვლის „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტს

ისრაელი შეცვლის „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტს


ისრაელს ევროვიზიაზე წარადგენს ედენ გოლანი.
ისრაელს ევროვიზიაზე წარადგენს ედენ გოლანი.

ისრაელი თანახმაა შეცვალოს მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტი. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა(EBU), რომელიც ამ ყოველწლიურ კონკურსს ატარებს, თებერვალში მიიჩნია, რომ სიმღერა პოლიტიკური შინაარსისაა, რაც ევროვიზიის წესებით აკრძალულია.

3 მარტს ისრაელის ტელერადიომაუწყებელმა KAN-მა გამოაცხადა, რომ სიმღერის, October Rain(ოქტომბრის წვიმა) სათაური და ტექსტი შეიცვლება და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი ვარიანტი.

October Rain-ში იყო ფრაზები: „ჯერ ისევ სველი ვარ ოქტომბრის წვიმით“, „თითოეული მათგანი კარგი ბავშვი იყო“, „ყველაფერი შავ-თეთრი გახდა“, „ვინ თქვა, რომ ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის თავდასხმაზე, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თავდაპირველად ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტს არ შეცვლიდა, თუმცა 3 მარტს განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გადახედა და გაიზიარა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის პოზიცია, რომ იმ ფონზე, როცა ზოგიერთებს ისრაელი სძულთ და მის ბოიკოტირებას ცდილობენ, სახელმწიფომ თავისი დროშა ყველა გლობალურ ფორუმზე უნდა აღმართოს.

ისრაელის გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენელი, 20 წლის ედენ გოლანი „ევროვიზიაზე" შეასრულებს სიმღერას ახალი სახელწოდებით Hurricane. ის ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც პირადი კრიზისი ჰქონდა.

„ევროვიზია 2024“ მაისში შვედეთში ჩატარდება.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებული საომარი მოქმედებების და დიდი მსხვერპლის გამო, ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, დანია და შვედეთი მოითხოვენ, რომ ისრაელს საერთოდ არ მისცენ „ევროვიზია 2024-ში" მონაწილეობის უფლება.

უკრაინამ უკმაყოფილება გამოთქვა ისრაელის კონკურსანტის გამო. ედენ გოლანი ადრე რუსეთში ცხოვრობდა. 2015 წელს მონაწილეობდა საბავშვო მუსიკალურ კონკურსში „ახალი ტალღა“, რომელიც ანექსირებულ ყირიმში ჩატარდა. მოგვიანებით იყო ჯგუფ Cosmos Girls-ის წევრი. ამ ჯგუფის პროდიუსერი იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის აქტიური მხარდამჭერი გრიგორი ლეპსი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელიც „ევროვიზიას“ აპოლიტიკურ კონკურსად განიხილავს, სხვადასხვა ქვეყნის სიმღერები ადრეც დაუბლოკავს. მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, კონკურსის ორგანიზატორებმა პოლიტიკური სარჩულის გამო საქართველოს დაუბლოკეს ეროვნულ შესარჩევ ტურში გამარჯვებული სიმღერა We Don’t Wanna Put In.

XS
SM
MD
LG